საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას გაეცნო. კონკურსის შედეგად ის IT სპეცილისტები შეირჩევიან, რომლებიც 2011 წლის საატესტატო გამოცდების ჩატარებას ტექნიკურად უზრუნველყოფენ.
როგორც ცნობილია, 2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება, სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
2011 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით 1500-მდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია, მათგან შერჩეული კანდიდატები ჯერ, ტესირებას გაივლიან, შემდეგ გასაუბრებას. შერჩეული სპეციალისტები, რომლებიც საქართველოს სკოლებში გადანაწილდებიან, სამინისტროს დახმარებით სკოლებში შესაბამის ინფრასტრუქტურას მოაწყობენ და საატესტატო გამოცდების კომპიუტერების მეშვეობით ჩატარებას უზრუნველყოფენ.
ტესტირება უკვე გაიარა თბილისის მასშტაბით შერჩეულმა კონკურსანტებმა. 2011 წლის 19 და 20 თებერვალს ტესტირებას რეგიონებიდან შერჩეული კანდიდატები გადიან. საბოლოოდ, კონკურსის წესით შერჩეული რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.