საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ თბილისის მე-6 საჯარო სკოლის IX-X კლასის მოსწავლეებთან ერთად ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტს ითავლისწინებდა.
1921 წლის 25 თებერვლს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 21-დან 25 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეთათვის სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორისაა ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერება და იმ ფოტო/დოკუმენტური მასალების გაცნობა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდს - 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება.
XX-XXI საუკუნეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სამინისტრო უკვე მესამე წელია ახორციელებს. ყოველი წლის თებერვალში ცხადდება ოკუპაციის კვირეული, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა თემატური კონკურსები და გამოფენები იმართება. კვირეულის მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ და გაითავისონ ის ტკივილი, რასაც რუსული აგრესია და ოკუპაცია ჰქვია.