02.03.2011
პროგრამა ,,აინშტაინის” ფარგლებში, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, საჯარო სკოლებისათვის სასწავლო ლაბორატორიების გადაცემის ახალი ეტაპი დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროში განახლებული სასწავლო ლაბორატორიის პრეზენტაცია გამართა.
ბოლო მოდელის თანამედროვე ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სწავლებისას გამოიყენება და სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე, რამდენიმე კომპლექტისაგან შედგება. ამჯერად, სამინისტროს აქვს შესაძლებლობა ლაბორატორიის სრული კომპლექტი ერთდროულად თბილისისა და რამდენიმე რეგიონის საჯარო სკოლებს გადასცეს, რაც აქამდე არ განხორციელებულა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება. თითოეული მოსწავლე შეძლებს პრაქტიკულ მუშაობას, კვლევის ჩატარებას, მისი შედეგის აღრიცხვასა და გაანალიზებას. ასევე, ლაბორატორიებში მოსწავლეები შეძლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-შემეცნებითი კონკურსებისთვის მომზადებას.
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საშუალებას იძლევა სამინისტროს მიერ ინიცირებული მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი” მონაწილეებმა, გამოგონებისთვის საჭირო სამუშაოები სწორედ ასეთ, თანამედროვე ლაბორატორიებში განახორციელონ.
ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრო გააგრძელებს ლაბორატორიების შეძენისა და მათი საჯარო სკოლებისთვის გადაცემის პროცესს.