საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 54-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს, დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ თამილა ხელაშვილს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ნახევარი საუკუნეა ქალბატონი თამილა ხელაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა და დღესაც აგრძელებს საქმიანობას.
სიახლეების მიმდევარი პედაგოგი განსაკუთრებით სამინისტროს მიერ 54-ე საჯარო სკოლისათვის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის გადაცემამ გაახარა: ასეთ ლაბორატორიაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი, მჯერა ამიერიდან ქიმიით უფრო მეტად დავაინტერესებ ჩემს მოსწავლეებს - განაცხადა ქალბატონმა თამილამ. მისი აღსაზრდელები წარმატებით მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებსა და სხავადსხვა საბუნებისმეტყველო-შემეცნებით კონკურსებში.
ქალბატონ თამილას სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს დამსახურებული მასწავლებლის, წლის საუკეთესო მასწავლებლის, მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორია, მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი, როგორც საუკეთესო გაკვეთილის ავტორი არის გრანტირებული. თამილა ხელაშვილმა ორი ქალიშვილი აღზარდა, რომელთაგან ერთი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, მეორე კი - წარმატებული ექიმია.