საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ამჯერად, თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ახალი ლაბორატორია გახსნა. სკოლისათვის თანამედროვე საბუნებისმეტყველო სასწავლო თვალსაჩინოებებისა და აპარატურის გადაცემა ლაბორატორიებით სკოლების აღჭურვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პირველ ეტაპზე 150 საჯარო სკოლას გადაეცა სრული კომპლექტი, მათ შორისაა 51-ე საჯარო სკოლაც. საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონის ამაღლებისა და ამ საგნებით მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, სკოლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები სასკოლო ლაბორატორიებით უკვე არაერთ სკოლაში სარგებლობენ, პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ, კვლევებს ატარებენ, შედეგებს აკვირდებიან და სათანადო დასკვნები გამოაქვთ.
51-ე საჯარო სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას განცხადებით, საბუნებისმეტველო საგნების სასწავლო ლაბორატორიის არსებობა მის სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უფროსკლასელთა შორის ბევრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული, ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისა და სხვადასხვა კონკურსებისთვის მზადებაშიც დაეხმარებათ.
მიმდინარე სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლის მასწავლებელსა და მოსწავლეს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას და შესწავლისას საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიებითაც ისარგებლონ.