ინგლისურენოვანი პედაგოგების საქართველოში პერიოდულად ჩამოსვლის პარალელურად, აქ მყოფი უცხოელი მოხალისეები პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან„ წარმატებაზე და ქართულ სტუმართმოყვარეობაზე საუბრობენ. მათ შორისაა 25 წლის კალიფორნიელი რობერტ კალიკა, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენას სიღნაღის რაიონში, სოფელ ჯუგაანის სკოლაში ასწავლის. მასთან ინტერვიუს ჟურნალი „გზა“ აქვეყნებს.
ინტერვიუში კალიკა სწავლების პროცესზე, ქართულ სტუმართმოყვარეობაზე და მის ბავშვობაზე საუბრობს. ყვება იმაზე, თუ რა ფასად დაუჯდა ღარიბი ამერიკელის ოჯახში დაბადებულს, სანუკვარი დიპლომის მოპოვება.
საბოლოოდ 20 ათას დოლარად ღირებული ამერიკული განათლება მას უფლებას აძლევს ასწავლოს ახალგაზრდებს როგორ მიაწოდონ ბავშვებს სრულყოფილად ინგლისური ენის გაკვეთილები.
„საქართველოში პედაგოგებს აქვთ არაჩვეულებრივი გრამატიკული ცოდნა, გაკვეთილის გადაცემის კარგი კულტურა, საკმაო ლექსიკური მარაგი, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები გამოთქმებში, რაც ჩვენი ერთწლიანი პრაქტიკის შემდეგ, ვფიქრობ, ადვილად გამოსწორდება. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, ყოველი 30 მოსწავლიდან შემიძლია გამოვყო ათი, ან ცოტა ნაკლები, რომელიც გისმენს, სწავლობს და ასრულებს მითითებებს.“ - ამბობს ინგლისურენოვანი პედაგოგი ინტერვიუში.
ამასთან, რობერტ კალიკა დარწმუნებულია, რომ საქართველოში გატარებული პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდება არა მარტო ჯუგაანის სკოლისთვის, არამედ მისთვისაც.
„მწამს, რომ საქართველო ძალიან ძლიერდება ჩემს ქვეყანასთან, ამერიკასთან ურთიერთობით და, თუმცა, დღეს ქართველ ხალხს არა აქვს სამუშაო, მისი მომავალი ძალიან სერიოზული და პერსპექტიულია. ჩემს მეხსიერებაში კი ყოველთვის ამოტივტივდება ამ თბილ ოჯახში გატარებული მყუდრო დღეები, გზა სკოლისაკენ, სკოლის გარემო და თუ შანსი მომეცემა, 5-6 წლის შემდეგ, აუცილებლად დავბრუნდები აქ იმისთვის, რომ მოგინახულოთ და გკითხოთ, როგორ ხართ, ქართველებო?.. როგორი ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს, გინდა კარგი და გინდა ცუდი, ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ერთი ამბავი, სახელად _ საქართველო“. - დასძენს ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში პედაგოგი.
როგორც კალიკას ქართველი მასპინძლები აცხადებენ, მასთან ერთად ცხოვრებით ბავშვებს გაცილებით გაუმარტივდათ ინგლისური ენის შესწავლა.