საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორთან დავით კირკიტაძესთან ერთად ამჯერად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯს ,,მოდუსი“ ეწვია და სასწავლებლის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
რუსთავის პროფესიული კოლეჯი იმ სასწავლებელთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც სამინისტრომ სრული რეაბილიტაცია განახორციელა და თანამედროვე აპარატურითა და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისი ძვირადღირებული მანქანა-დანადგარებით აღჭურვა ელექტროაირშედუღების, სამღებრო საქმის, ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის შეკეთების, ავტომობილის დიაგნოსტიკა და რემონტის, სანტექნიკური სამუშაოების ოსტატის, მდივან–რეფერენტის და ბუღალტერიის სასწავლო სახელოსნოები. არსებული ბაზა საშუალებას იძლევა პრაქტიკული მეცადინეობები საწარმოსთან მიახლოებულ პირობებში ჩატარდეს. სასწავლებელს აქვს ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
რუსთავის პროფესიული კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს. განახლებული სასწავლო პროგრამებით აქ სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც.
მიმდინარე სასწავლო წელს ”მოდუსში” მსურველები შემდეგ მოთხოვნად პროფესიებში გადამზადდებიან: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი, მდნობელი, მეღუმელე, შემდუღებელი, მღებავი, დურგალი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, მეთუნუქე-მღებავი, ელექტრონული და ციფრული ხელსაწყოების დიაგნოსტიკოს-შემკეთებელი, ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი, ინფორმაციული ტექნოლოგი, ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი), ბუღალტერი.