საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ლანჩხუთის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან მინისტრის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და იგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხებოდა.
ლანჩხუთელ მოსახლეობასთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინი იმ პრობლემებითაც დაინტერესდა, რომელიც ლანჩხუთის მაცხოვრებლებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ. მინისტრმა შეკრებილ აუდიტორიას ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა კონკრეტულად განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზეც.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მოსახლეობასთან ანალოგიური შეხვედრები განხორციელებული რეფორმების შედეგებზე ყველაზე ნათელ წარმოდგენას იძლევა, ამიტომ, მინისტრი სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.