01.02.2010
არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციისათვის საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა ერთობლივი კამპანია დაიწყეს. ამ მიზნით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლას საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესტუმრნენ და უფროსკლასელებთან მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საჯარო სკოლებში უსაფრთხოების დაცვაზე, მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის სამართალდამცველთა და საგანმანათლებლო დაწესებულებათა კოორდინირებულ მუშაობაზე, ოჯახისა და საზოგადოების როლზე და ადრეულ ასაკში კანონმორჩილების თვითშეგნების ამაღლებაზე.
51-ე საჯარო სკოლაში არასრულწლოვანთა დანაშაულთან დაკავშირებული კლიპის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც მთავარი პროკურატურისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით დამზადდა. კლიპში ასახულია ცივი იარაღის ტარების მიმართ ოჯახისა და საზოგადოების გულგრილობა, რის გამოც მოსწავლე ერთდროულად დამნაშავე და მსხვერპლი გახდა.
საინტერესო დევიზის გამოსავლენად 51-ე საჯარო სკოლაში კონკურსი გამოცხადდა. მთელი წლის განმავლობაში ცივი იარაღის ტარების საწინააღმდეგო კამპანია გამარჯვებული დევიზის ეგიდით წარიმრთება.
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სამართლებრივ თემებზე ლექციები, კონკურსები, სპორტული შეჯიბრებები და დისკუსიები მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.