საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიეღოთ პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც სხვადასხვა სფეროს, მათ შორის განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანალოგიური შეხვედრები რეგიონების მოსახლეობასთან განსაკუთრებული მუხტის მატარებელია. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ობიექტურად სწორედ მოსახლეობა აფასებს, უშუალოდ ხალხისაგან მოსმენილი შეფასებები და რჩევები შემდეგ მომავალ სამოქმედო გეგმებზე აისახება.
დიალოგი ხალხთან მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ყველა რეგიონს მოინახულებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს.