საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ განათლებაში ტექნოლოგიების ინტეგრაციის თემაზე ორდღიანი კონფერენცია გახსნა. სამინისტროსა და Microsoft-ის ერთობლივ ღონისძიებას Microsoft-ის წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი საქართველოში დავით ასათიანი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განათლების მენეჯერი თეოდორ მილევი უძღვებოდნენ. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სკოლის დირექტორები, მოსწავლეები, სამინისტროს სსიპ-ების, microsoft-ის სათაო ოფისის და ლატვიის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.
2008 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კორპორაცია microsoft-ს შორის დაიდო მემორანდუმი ”გლობალური ინიციატივა partners in learning-ის ფარგლებში”.
მემორანდუმის საფუძველზე, ყოველწლიურად ტარდება ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომელზედაც ჯამდება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები თუ ინიციატივები და ამ აქტივობებში კორპორაცია microsoft-ის ჩართულობა.
ამ მემორანდუმის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, ყველა პირველკლასელისთვის გადასაცემ ნეტ-ბუკში ჩატვირთული იქნება ლიცენზირებული windows-ი.
სამუშაო შეხვედრაზე დაისახა მომავალი თანამშრომლობის სტრატეგიები და მექანიზმები. წლების განმავლობაში განათლების მიმართულებით მუშაობისას მაიკროსოფტს დაუგროვდა გამოცდილება, რესურსები, ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში არსებული სასწავლო პროგრამების გაფართოების საშუალებას იძლევა.
არსებული რესურსებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ერთად გამოყენება გაზრდის ქვეყანაში მიმდინარე პროექტების, პროგრამების მასშტაბებს და დააჩქარებს სკოლების, მასწავლებლების, დირექტორების ჩართულობას პროფესიული განვითარების, სასკოლო კვლევების, საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და განათლების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.