05.04.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
კონკურსის პირველი ეტაპი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით საქართველოში პირველად ჩატარდა. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალური ტესტი შეავსო. დირექტორობის მსურველებმა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
შესაბამისი მასალა დაინტერესებული პირებისათვის სამინისტოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი. ტესტი სულ 100 კითვისაგან შედგებოდა. კონკურსში მონაწილეობას დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა გარდა ის მოქალაქეებიც იღებენ, რომლებსაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსისთვის რეგისტრაცია 25 თებერვალს დაიწყო და 20 მარტამდე გაგრძელდა. ტესტირებაში მონაწილეობა თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა პირებმა მიიღეს.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი ორეტაპიანია. კომპიუტერიზირებული ტესტირების შედეგები 15 აპრილს გამოცხადდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გასული კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან.