საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 36 სტაჟირებაგავლილ პრაქტიკანტს სერტიფიკატები გადაეცათ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის, საქართველოს ტექნიკური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და სხვა უმაღლეს სასწავლებლების სტუნდენტებმა და მაგისტრანტებმა 2010 წლის 1 დეკემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე სასწავლო პრაქტიკა სამინისტროში და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.
სტაჟიორების ნაწილი პრაქტიკას გადიოდა როგორც სამინისტროს ადმინისტრაციის აპარატში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის, შიდა აუდიტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ეკონომიკურ დეპარტამენტებში. სტუდენტთა ნაწილმა გამოცდილება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღო. ხოლო ნაწილმა პრაქტიკა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის რესურს-ცენტრებში გაიარა.
ის სტუდენტები, რომლებმაც სასწავლო პრაქტიკის პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინეს, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს. სამინისტროს მიზანია, მომავალი სპეციალისტების პროფესიონალებად ჩამოყალიბება, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ.