სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის მერიის მთავარი ბიბლიოთეკა ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს ’’ვიკითხოთ წიგნები’’. პროექტის ფარგლებში დედაქალაქის ბიბლიოთეკებში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები IV-V კლასელ მოსწავლეებს ლიტერატურულ ნაწარმოებებს უკითხავენ. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
9 აპრილს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 24-ე და 30-ე საჯარო სკოლების 30-მდე მოსწავლეს მომავალი მსახიობი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელი ლაშა გურგენიძე შეხვდა, მან მოსწავლეებს თემატურად ამ დღესთან დაკავშირებულ - 1989 წლის 9 აპრილს საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებზე მოუთხრო და საქართველოს ისტორიიდან ის ეპიზოდები გააცნო, სადაც კარგად ჩანს ქართველი ხალხის ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. ამ დღეს თბილისის კიდევ 5 ბიბლიოთეკაში გაიმართა ანალოგიური შეხვედრები IV-V კლასელ მოსწვლეებთან.
პროექტის ’’ვიკითხოთ წიგნები’’ მიზანია, მოსწავლეებში წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მოზარდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და კითხვის ჩვევის გამომუშავებას. ამ მიზნით, ქალაქის სხვადასხვა უბანში განლაგებულ მერიის ბიბლიოთეკებში კითხვის მოყვარულთა წრეები ჩამოყალიბდა, სადაც მოსწავლეებთან შეხვედრები იმართება. მოსწავლეების შერჩევა ბიბლიოთეკების მიმდებარე სკოლებიდან ხდება, წასაკითხი მხატვრული ლიტერატურა კი, ფილოლოგების, ლიტერატორების, სკოლის პედაგოგებისა და ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციების გათვალისწინებით შეირჩა.