„დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“ აქციის ფარგლებში მანდატურებმა მოსწავლეებთან ერთად თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში ხეები დარგეს. კედარებისა და კიპარისის ნერგები №151, №147 , № 186 და №187 სკოლებში დაირგო. ნერგები მანდატურებმა და მოსწავლეებმა პარალელურად ქუთაისის ოთხ სკოლაშიც დარგეს.
მანდატურების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ აქციებში მოსწავლეები და მანდატურები ერთობლივად არიან ჩართულები, ერთად ზრუნავენ სკოლის გამწვანებაზე და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე.
აქცია „დარგე ხე, გაამწვანე თბილისი“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტარდება და თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.