საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ თბილისის №161 საჯარო სკოლაში ”თვალის სნეულებათა კლინიკა მზერას” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი გიორგი ჩიჩუა.
აქციის ფარგლებში, კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო გამოკვლევა/გასინჯვა ჩაუტარეს მხედველობის სიმახვილის განსაზღვრის მიზნით, ასევე ჩაუტარეს სკიასკოპია – რეფრაქციის შემოწმება და არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია.
კლინიკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შემდეგი უფასო კლინიკური გამოკვლევებიც შესთავაზეს: მხედველობის კორექცია; ბინოკულური სტატუსის განსაზღვრა; ბიომიკროსკოპია; არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია; რეფრაქციის კვლევა კომპიუტერული მეთოდით, ვიწრო გუგითა და ციკლოპეგიის პირობებში; სათვალის შერჩევა. კლინიკაში კონსულტირებულ ყველა ბავშვს გაეხსნება ამბულატორიული მომსახურების ბარათი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა შეიქმნას მისი ავადმყოფობის ისტორია.
თვალის სნეულებათა კლინიკა “მზერა” ტრადიციული სამკურნალო დაწესებულებაა, სადაც ბავშვთა და მოზარდთა მხედველობის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან ბავშვთა ასაკში ჩატარებული გამოკვლევა მრავალი პათოლოგიის პროფილაქტიკისა და დროული, შედეგიანი მკურნალობის გარანტია. კლინიკაში არსებული უახლესი აპარატურა ზუსტი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა და ითვალისწინებს ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, როგორიცაა რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) და სიელმე.
კლინიკა მსგავს აქციებს სხვა საჯარო სკოლებშიც განახორციელებს, პროექტის მიზანია დროულად მოხდეს ბავშვთა მხედველობის პათოლოგიის გამოვლენა, ასევე, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახუხება ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.