საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირველი ექსპერიმენტულ სკოლაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ინიციატივით საჯარო სკოლებში ”კურსდამთავრებულთა კლუბის” (ALUMNI) შემოღებაზე ისაუბრა. პირველ ექსპერიმენტულსა და 51-ე საჯარო სკოლებს, სადაც პრეზიდენტი თავად სწავლობდა, საკუთარ ხელფასს გადაუნაწილებს. მიხეილ სააკაშვილმა ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდა, რომ საკუთარი სკოლების განვითარებაში წვლილი მათაც შეიტანონ.
ALUMNI-ს პროექტი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლებში წარმატებულ ”კურსდამთავრებულთა კლუბების” შექმნას, რომლის წევრებიც მშობლიური სკოლების განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ატესტატის მნიშვნელობის გაზრდაზე, დამამთავრებელ კლასებში 10 გამოცდის ჩაბარებაზე, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლებაზე, წარჩინებული მოსწავლეების ოქროს მედლით დაჯილდოვებაზე და ზოგადად, ყველა იმ სიახლეზე, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში განახორციელებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირველ ექსპერიმენტულ სკოლას, რომელიც 189-ე საჯარო სკოლად გადაკეთდა, დღეიდან ძველი სახელწოდება დაუბრუნდება.