საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მე-100 საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელს ქალბატონ ვენერა სიხარულიძეს ოჯახში ეწვია, პირადად მიულოცა დამდეგი 9 მაისი და საჩუქრები გადასცა. ქალბატონი ვენერა 85 წლისაა და მას პირველი ჯილდოები დიდი სამამულო ომის წლებში შრომითი მამაცობისთვის აქვს მიღებული.
ვეტერანი პედაგოგი 50 წელია სკოლაში მოღვაწეობს. არის ათეულობით ნაშრომისა და პროექტის ავტორი, სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წარჩინებული და დამსახურებული მასწავლებლის წოდებები. იგი დღესაც აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას აგრძელებს და განსაკუთრებით ამაყობს თავისი აღზრდილებით, მათ შორის ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ვენერა სიხარულიძეს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.
მინისტრმა დამდეგი 9 მაისი ასევე ყველა ომის მონაწილე ვეტერან პედაგოგს მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.