13.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 53-ე საჯარო სკოლას ეწვია და კომპანია ,,გოგლი-მოგლის’’ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ითამაშე და მოიგე’’ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
კონკურსი სამ ეტაპად წარიმართა. ,,გოგლი-მოგლის’’ პლასტიკური ბარათების აღების შემდეგ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა. თხუთმეტ გამარჯვებულ მოსწავლეს ძვირადღირებული პრიზები გადაეცათ. კონკურსი ყველა იმ სკოლაში გაიმართება, რომელშიც გოგლი-მოგლის სასადილოებია გახსნილი.
მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა კონკურსებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, რაც მათში მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.
კონკურსში ,,ითამაშე და მოიგე’’ მოსწავლეები ერთმანეთს ცოდნაში ეჯიბრებოდნენ, მათ ქართული ენისა და ლიტერატურიდან, ისტორიიდან, გეოგრაფიიდან სხვადასხვა სახის კითხვებს გასცეს პასუხი და შეაგროვეს სამი ციფრი, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ.