17.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი კერძო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით კერძო სკოლების მონახულებას განაგრძობს. ამჯერად, მინისტრი ”ევროპულ სკოლას” ეწვია და ავტორიცაზიის პირობები სკოლის წარმომადგენლებს პირადად გააცნო. დიმიტრი შაშკინი სწავლის პროცესით დაინტერესდა და იმ სიახლეებს გაეცნო, რომელიც სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბოლო პერიოდში განხორციელდა.
”ევროპული სკოლა” 2007 წელს დაარსდა. იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგიური კადრებით, რომელთაგან 12 – სერთიფიცირებული მასწავლებელია, 21 – მეცნიერებათა დოქტორი, 7 – პროფესორი, 19 – სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, 15 – მწვრთნელი (სწავლების თანამედროვე მეთოდიკებში), 6 – ინგლისური ენის პედაგოგი საზღვარგარეთ სწავლების უფლებით ("სელტა").
სკოლაში "სწავლების ინოვაციური მეთოდების ლაბორატორია" მოქმედებს, სადაც ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლების სისტემის შემდგომი სრულყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს. სკოლაში სისტემატიურად ხორციელდება პედაგოგების გადამზადება, ტექნიკის განახლება, სასწავლო პროგრამების, მასალებისა და სასწავლო კურსების მომზადება, ისტ-ის სასწვლო გეგმის რეალიზება ყველა ცალკეულ საგანში.
მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ როგორც საერთაშორისო ასევე, სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო ოლიმპიადებსა და კონკურსებში. წარმატებულ მოსწავლეებს ”ევროპული სკოლა” IB-ს - საერთაშორისო ბაკალავრიატის - ორწლიან სადიპლომო პროგრამას სთავაზობს. წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სტიპენდიები ენიშნებათ, ხოლო ცალკეულ ფაკულტეტებზე პირდაპირ მეორე კურსზე ირიცხებიან.