18.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა საქართველოში გერმანული დღეების ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს PASCH-სკოლების 83 მოსწავლეს გერმანული ენის დიპლომები გადასცეს.
PASCH ანუ „სკოლები: მომავლის პარტნიორები“, გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნა და ამით ახალგაზრდებში გერმანიისა და მისი საზოგადოების მიმართ ინტერესის გაღვივება. ყველა PASCH-სკოლაში გერმანელი მასწავლებლები მუშაობენ.
საქართველოში აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ათი სკოლა იღებს, რომლებსაც კოორდინაციას საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA) და გოეთეს ინსტიტუტი უწევენ. საქართველოში ხუთი სკოლა (ოთხი თბილისში და ერთი თელავში) გასცემს გერმანული ენის მეორე საფეხურის (DSD-2) დიპლომებს, რომელიც გერმანიის უნივერსიტეტებში სწვალისათვის საჭირო გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთია.
გერმანული ენის დიპლომის პროგრამა საქართველოში 10 წელია რაც მოქმედებს. 1999 წლის შემდეგ 532 ქართველმა მოსწავლემ წარმატებით ჩააბარა DSD-ის მეორე საფეხურის გამოცდა და აიღო დიპლომი.