საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფლებში კოკი და ორსანტია რეაბილიტირებული სკოლები მოინახულა. ორივე სოფელი მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და სწორედ სანაპირო ზოლი ჰყოფს მათ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრისაგან.
კოკის საჯარო სკოლას საუკუნენახევრის ისტორია გააჩნია. იგი ზუგდიდის სკოლათა შორის ერთ-ერთი უძველესია. ამჟამად კოკის საჯარო სკოლას გააჩნია ორსართულიანი კორპუსი, სადაც 179 მოსწავლე სწავლობს, ამათგან 66 აფხაზეთიდან დევნილია. სკოლა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ნაწილობრივ რეაბილიტირებული იყო, მიმდინარე წელს ამერიკის საელჩოსთან არსებული ამერიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ორსანტიის საჯარო სკოლა 1932 წელს დაარსდა. 1980 წელს აშენდა ამჟამად მოქმედი სკოლის სამსართულიანი კორპუსი. 2007 წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა “იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა საერთაშორისო ორგანიზაცია “USAID”-ის დაფინანსებით სკოლის კორპუსის გარემონტება. ამჟამად სკოლის კონტიგენტი 290 მოსწავლით განისაზღვრება, ამათგან 85 აფხაზეთიდან დევნილია.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა მიმდინარეობს.