საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს ბავშვთა დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა სკოლაში 50 ბავშვი სწავლობს, მათგან 23 პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. ეს სკოლა და ზოგადად, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებები სამინისტროს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან. მინისტრის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში №202 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება, მოწესრიგდება და ბავშვთა საჭიროებებს მოერგება სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები. უკვე ახალი სასწავლო წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემოში გააგრძელებენ სწვლას.
202-ე სკოლას სამინისტრომ უკვე გადასცა ბრაილის საბეჭდი მანქანა, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები და ტაქტიკური სასწავლო მასალები. თანამედროვე აპარატურასთან სამუშაოდ სამინისტრომ ამ სკოლის პედაგოგებიც გადაამზადა. სკოლას ასევე გადაეცა სპეციალურად სუსტი მხედველობის ბავშვებისთვის განკუთვნილი წასაკითხი აპარატურა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ბავშვის მდგომარეობაზე და აქვს სხვადასხვა მანიპულაციის საშუალება, როგორიცაა ტექსტის გადიდება, ფერის შეცვლა და მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. უსინათლო ბავშვებს გადაეცათ სხვადასხვა სახის გამადიდებელი ლუპები.
უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის პედაგიგები სწავლასთან ერთად, ზრუნავენ თავისი აღსაზრდელების სოციალურ ადაპტაციასა და საზოგადოებრივ საქმიანობებში მათ ჩართულობაზე. ამ სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
წელს სკოლას ოთხი მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ისინი საატესტატო გამოცდებში მონაწილეობენ და შემდეგ სწავლის გაგრძელებას გეგმავენ. ამ სკოლის კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ. მათთვის საგამოცდო მასალა ბრაილის შრიფტზეა ადაპტირებული.