ქართული ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულად შესწავლის მიზნით, სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახალ საგრანტო კონკურსს აცხადებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა კონკურსი დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტრადიციულ ქართულ ჩოხებში გამოაცხადეს.
კვლევის მიზანია ტრადიციული ეროვნული სამოსის ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და სხვა ასპექტების კვლევის ხელშეწყობა, და რაც მთავარია, ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსებაში ბიზნეს-სტრუქტურების მონაწილეობის სტიმულირება.
სამეცნიერო კვლევის გარდა კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს ეროვნული სამოსის შესახებ ილუსტრირებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა და კვლევის შედეგების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსი ქართული ტრადიციული სამოსის მეცნიერული კვლევის ხელშესაწყობად პირველად იმართება. კვლევის მაქსიმალური ხანგრძლივობა 18 თვეა, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 70 ათას ლარს.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა ქართული ტრადიციული სამოსის მიმართ საზოგადოების ინტერესი ყოველთვის ძალზე მაღალია, დღემდე არ მომხდარა მისი სამეცნიერო შესწავლა. კვლევის შედეგად გამოცემული ენციკლოპედია ძალზე ინფორმატიული იქნება ქართული კულტურით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის უცხოელი სტუმრებისთვის, სპეციალისტებისთვის კი სამაგიდო წიგნი გახდება.