საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს საქართველოში დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის შედეგებზე პრეზენტაცია წარუდგინეს.
"დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევა - საქართველო, 2011“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „გორბმა“ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა შეეხებოდა მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და საზოგადოების დამოკიდებულებას მართლმსაჯულების სისტემისადმი. გამოკითხვა საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
კვლევის ერთ-ერთი პუნქტი იყო - რამდენად დაცულია ბავშვი სკოლაში ძალადობისაგან. გამოკითხულთა 87% თვლის, რომ 2010-2011 წლებში ბავშვები სკოლებში უფრო მეტად უსაფრთხოდ არიან ვიდრე წინა წლებში. ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელი სამინისტროს მიერ ”უსაფრთხო სკოლის” კონცეფციის დანერგვამ და განვითარებამ განაპირობა: შეიქმნა მანდატურის ინსტიტუტი, განვითარდა ე.წ. უსაფრთხო ზონები, აიკრძალა ნაღდი ფულის ბრუნვა სკოლებში, დაინერგა და ამოქმედდა მოსწავლეთა საკრედიტო ბარათების სისტემა.
სამინისტროს მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების უკეთ გაცნობისა და სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, მუდმივად იმართება შეხვედრები პროკურატურის, იურიდიული სამსახურის და პოლიციის წარმომადგენლებთან.
ზემოაღნიშნული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად: დანაშაული სკოლებში 80%-ით შემცირდა, აღმოიფხვრა უმიზეზო გაცდენები და დაგვიანებები, მშობლებში ამაღლდა სკოლებში მათი შვილების დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ხარისხი და სხვა.