10.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედა გამართა. მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ სახელმწიფო პროგრამა - ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ წარუდგინა.
პროგრამა გულისხმობს ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების მიზნით, სასკოლო საგნების ქართულ ენაზე ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად სწავლებას.
პროგრამის ბაკალავრ მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მაგისტრატურაში სწავლის სრულად დაფინანსებას და ყოველთვიურად ხელფასს სთავაზობს.
პროგრამის მონაწილეები არაქართულენოვან სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესის ბილინგვურად წარმართვისას ან ქართული ენის გაკვეთილის ჩატარებისას დაეხმარებიან. ისინი სკოლებში ერთი აკადემიური წელი დარჩებიან. პროგრამის მონაწილეები სასწავლო წლის დაწყებამდე სპეციალურ ერთკვირიან ინტენსიურ მომზადებას გაივლიან, სადაც შეისწავლიან როგორც პედაგოგიკის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, ისე წყვილში მუშაობის და ბილინგვური გაკვეთილის წარმართვის ტექნიკას.