28.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ სამინისტროს მიერ მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ გამარჯვებული სტუდენტი დავით დოხტურიშვილი პორტატული კომპიუტერით დააჯილდოვა.
ფოტოკონკურსის „მე ვამაყობ...“ პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე (Ministry of Education and Science of Georgia) უნდა აეტვირთა ფოტო. ატვირთული მასალა პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო თემატიკასთან.
სამინისტროს facebook-ის გვერდზე, რომელსაც უკვე 9000-მდე მომხმარებელი ჰყავს, საკონკურსოდ სხვადასხვა სიუჟეტის 200-მდე ფოტომასალა განთავსდა. ყველა მათგანი თემატიკას პასუხობდა და კარგად ასახავდა მონაწილეთა კონკურსისადმი დამოკიდებულებას.
კონკურსის ფარგლებში ატვირთული ფოტომასალა ფასდებოდა სოციალური ქსელის მომხმარებელთა მიერ. გამარჯვებული ფოტო Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იმ მიზნით, რომ განხორციელებული რეფორმები და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები საზოგადოების ყველა წარმომადგენლისთვის, მათ შორის სოცილური ქსელების მომხმარებელთათვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი, რამდენიმე ოფიციალური ვებ-გვერდი აამოქმედა.
სამინისტროს ვებ-გვერდებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინფორმაცია (ფოტო, ვიდეო) მოიძიოს, მოიწეროს და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს. მომხმარებელთა შეკითხვებს 24 საათის განმავლობაში გაეცემა პასუხი. ასევე, სამინისტროს მიერ მომხმარებელთა არცერთი საინტერესო იდეა არ რჩება უყურადღებოდ. სოციალური ქსელის საშუალებით სამინისტრო მომავალშიც არაერთ საინტერესო და შემეცნებით კონკურსს გამოაცხადებს. 1 ივლისს ახალი ფოტოკონკურსი ”წიგნის მეგობარი” იწყება.
სოციალურ ქსელში სამინისტროს შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მომხმარებელს შეუძლია ნახოს სიუჟეტები, ვიდეოები, ფოტომასალა მიმდინარე სიახლეებისა და რეფორმების შესახებ:
- www.Facebook.com -Ministry of Education and Science of Georgia- www.facebook.com/mes.gov.ge;
- დიმიტრი შაშკინი/Dimitri Shashkini;
- www.Twitter.com-Educationgovge და DimaShashkini;
- www.Myvideo.ge- Educationgovge
- www.Youtube.com-Educationgovge
- www.Flickr.com-Educationgovge