29.06.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის საჯარო სკოლების 231 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცა.
სასწავლო პროცესში გარდა სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნისა, მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების ხელშეწყობის ერთ-ერთი საშუალება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების წახალისება და წარჩინებული მოსწავლეების წარმოჩენაა, რაც თავის მხრივ, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს უწყობს აკადემიური მოსწრებისადმი პატივისცემის ამაღლებას.
ამ მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პრეზიდენტის ინიციატივით, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.