საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა გამოცდების პირველი დღის შედეგები მედიაცენტრში შეაჯამეს.
30 ივნისს საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრში პირველი სესიისთვის რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი, 09:00 საათზე. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზე იყო, გამოცდა 15:00-საათზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში აღარ დაიშვებოდნენ.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე საქართველოს მასშტაბით 7587 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, გამოცხადდა 7402, მეორე სესიაზე დარეგისტრირებული იყო 8156 აბიტურიენტი, გამოცხადდა 7918 აბიტურიენტი. დაფიქსირდა მხოლოდ ორი დაგვიანება.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, გამოცდების პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა, ყველა საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართა, არ დაფიქსირებულა არცერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მობილიზებული იყო პროცესში ჩართული ყველა სამსახური.