01.07.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორობის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების სისტემის სრულყოფისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, არაერთ ღონისძიებას ატარებს. მათ რიცხვს განეკუთვნება საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი, რომლის მიზანი იყო გამოავლინა პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.
დირექტორთა კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეეძლო. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველმა ინდივიდუალური ტესტირება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გაიარა, ამ მეთოდით გამოცდა პირველად ჩატარდა საქართველოში. დირექტორობის მსურველებმა კითხვებს რამდენიმე მიმართულებით უპასუხეს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვენ პირები, რომლებმაც ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი გადალახეს. დირექტორობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებისთვის თემა თავად აირჩიათ, რომლის პრეზენტაციასაც სპეციალური კომისიის წინაშე გამართეს.
კონკურსში მონაწილეობა დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების გარდა იმ მოქალაქეებმაც მიიღეს, რომლებსაც აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ. კონკურსში გამარჯვებულებს დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ.