განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია ბიზნეს-პარტნიორობის გრანტის ფარგლებში ხელი შეუწყოს კომერციულ კომპანიებსა და მეცნიერებს შორის ეკონომიკურად მომგებიანი სარგებლობის მომტანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება უკვე შეთანხმებული სამეცნიერო მიმართულებები; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა და ახალი მასალების მიღება ადგილობრივი ნედლეულიდან. საკონკურსო დებულების მიხედვით, წარმოდგენილი პროექტი ორიენტირებული უნდა იყოს კომერციულ, სამოქალაქო ამოცანებზე და უნდა მოიცავდეს სამეცნიერო კვლევებს, ბაზრის წინასწარ გამოკვლევას, მომხმარებლების საჭიროებების ანალიზს და ბიზნესის განვითარების კომპონენტებს. პროექტების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები კი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. საგრანტო კონკურსში უპირატესობა იმ პროექტებს მიენიჭებათ, რომლებსაც შეეძლებათ შემოსავლის მოტანა და დამატებითი დაფინანსების წყაროების მოზიდვა.
თითოეული გამარჯვებული პროექტი წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარით, ხოლო ამერიკული მხარისგან 7000 დოლარით დაფინანსდება.
საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ამერიკის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF) და მისი წარმომადგენელი ორგანიზაცია საქართველოში (საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდი) ერთობლივად განახორციელებენ.
კონკურსის პროგრამა და პირობები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge უკვე განთავსებულია.