6 ივლისს პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები დაიწყება. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
მიმდინარე წელს, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერებმა პროფესიულ უნარებსა და საგნობრივ ნაწილში ტრენინგებისა და სემინარების სახით 30 ათასამდე პედაგოგი გადაამზადეს. გამოცდებში მონაწილეობისათვის პედაგოგთა უპრეცედენტო რაოდენობა - 24 ათასი დარეგისტრირდა.
2011 წლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 21-ში დასრულდება. წელს პროფესიულ უნარებთან ერთად საგნობრივ ნაწილს ცამეტი საგნის პედაგოგები ჩააბარებენ: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული სამოქალაქო თავდაცვა და დაწყებითი კლასები. თითოეული მათგანი ერთ გამოცდას პროფესიულ უნარებში ჩააბარებს, მეორეს კი საკუთარ სპეციალობაში.
სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის ტრენინგებთან ერთად სემინარებიც ჩატარდა, რომლებიც მასწავლებელთა მოთხოვნის საფუძველზე დაინიშნა. სემინარების განმავლობაში მასწავლებლებმა გამოცდებთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს პასუხები და განმარტებები.
სერტიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200 ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებენ, ხოლო სერტიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1000 ლარიან ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.