სასერტიფიკატო გამოცდები პროფესიულ უნარებში გამოცდით დაიწყო. გამოცდების განრიგი ასეთია: 6, 7 და 8 ივლისი - პროფესიული უნარები; 11 ივლისი - გამოცდა დაწყებითი (I-IV) კლასების პედაგოგებისთვის; 11 ივლისი - ისტორია; 11 ივლისი - ქიმია; 14 ივლისი - ბიოლოგია; 15 ივლისი - ფიზიკა; 15 ივლისი - სამოქალაქო განათლება; 18 ივლისი - ქართული ენა და ლიტერატურა; 18 ივლისი - გეოგრაფია; 19 ივლისი - მათემატიკა; 20 და 21 ივლისი - გერმანული, ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები.
პროფესიულ უნარებში გამოცდა ხუთი საათი გრძელდება, საქართველოს მასშტაბით 14 საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო, გამოცდა კი - 09:00 საათზე, მაქსიმალური ქულა 70-ია, აპლიკანტმა 43 და მეტი ქულა უნდა დააგროვოს რათა გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს. გამოცდებში მონაწილეობისათვის 24 ათასი პედაგოგია დარეგისტრირებული.
პედაგოგთა სერტიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სერტიფიცირებული მასწავლებელი დამატებით 75 ლარს იღებს, მათ 200 ლარამდე ეზრდებათ ხელფასი თუ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ჩააბარებენ, ხოლო სერტიფიცირებული მასწავლებლების პირველი, საუკეთესო მაჩვენებლების მქონე 25%, რომელთაც ჩაბარებული აქვთ კომპიუტერი და ინგლისური ენაც, 1000 ლარიან ფიქსირებულ ხელფასს იღებენ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ მასწავლებლად, ჩაერთონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.