საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. დიმიტრი შაშკინმა ყველაზე საუკეთესო მაგისტრანტს დავით ცირეკიძეს პირადად გადასცა valedictorian-ის სერტიფიკატი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ და BP-ის გენერალურმა დირექტორმა ნილ დანიმ.
ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 27 სტუდენტმა მიიღო. მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრანტები Summa cum laude და Cum laude დიპლომებით დაჯილდოვდნენ, სპეციალური სერტიფიკატები საუკეთესო თეზისების ავტორმა სტუდენტებმა მიიღეს, ხოლო ISET-ის 2011 წლის კლასის ლიდერს ზურაბ ჟვანიას სახელობის პრიზი გადაეცა.
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ISET-ის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა სტენფორდის, ჩიკაგოს, პენსილვანიისა და სხვა დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტების დოქტორანტურაში განაგრძონ. მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგად კურსდამთავრებულები სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში წამყვან თანამდებობებზე დასაქმდებიან.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, მნიშვნელოვანია სტუდენტთა ანალოგიურ პროექტებში მონაწილეობის წახალისება. სამინისტრო მიესალმება და მზად არის მხარდაჭერა გამოუცხადოს ყველა წარმატებული და ნიჭიერი ახალგაზრდის პროფესიულ ზრდას.