საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს დილით ეწვია და მასწავლებელთა რეგისტრაციის პროცესს გაეცნო. დღეს გამოცდებს დაწყებითი კლასების, ქიმიისა და ისტორიის პედაგოგები აბარებენ.
დაწყებითი კლასების პედაგოგები, რომელთაც უკვე ჩააბარეს გამოცდა პროფესიულ უნარებში, 11 ივლისს ინტეგრირებულ ტესტებს წერენ, რომელშიც გაერთიანებულია საკითხები იმ საგნებიდან, რასაც ისინი დაწყებით კლასებში ასწავლიან. გამოცდა 5 საათი გრძელდება, მაქსიმალური ქულაა 100, გამსვლელი ქულა კი - 61 და მეტი.
წელს პირველად მიეცათ საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ქიმიისა და ისტორიის პედაგოგებს, გამოცდა მათთვისაც 5 საათი გრძელდება, მაქსიმალური ქულა 70-ია, ხოლო გამსვლელი - 43 და მეტი.
რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, გამოცდა ზუსტად 9 საათზე დაიწყო, არცერთი დაგვიანების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.