2011 წლის ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
მინისტრის განცხადებით, წელს აბიტურიენტთა, პედაგოგთა და მაგისტრანტთა გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა, ყველა საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, წყნარ და მშვიდ გარემოში, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართა. არ დაფიქსირებულა არცერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მობილიზებული იყო პროცესში ჩართული ყველა სამსახური.
წელს აბიტურიენტთა მომზადების დონე წინა წლებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო, ეს უნარებში გამოცდის შედეგებმა აჩვენა. მაღალი შედეგები კი, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდამ და ახალი პროექტების ამოქმედებამ განაპირობა. გაიზარდა აბიტურიენტთა რაოდენობა საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, სადაც ყველაზე მაღალი კონკურსია. მაღალი კონკურსი დაფიქსირდა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზეც.
2-ჯერ გაიზარდა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობა. წელს პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ გაცილებით უკეთ მომზადებულიყვნენ საგამოცდოდ, მათთვის სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა საგნობრივ ტრენინგებს, გადამზადდა 30 ათასი მასწავლებელი.
დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკა, უცხოური ენის პედაგოგებმა კი - გამოცდის მეტყველების ნაწილი ჩააბარეს. სასერტიფიკაციო გამოცდა უცხოურ ენაში 2010 წელს სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით განხორციელდა. იგი 5 ნაწილისაგან შედგებოდა და გარდა წერითი, წაკითხულის გააზრებისა და მეთოდიკის, მოსმენისა და მეტყველების ნაწილებსაც მოიცავდა.
სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს აბიტურიენტების, პედაგოგებისა და მაგისტრობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორების პროცესი. საგამოცდო ნაშრომები ელექტრონულად სწორდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება 22 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყება. შედეგები სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) განთავსდება. აბიტურიენტები სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლებენ საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას.
გარდა ამისა, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტი საკუთარ შედეგს შეიტყობს მოკლე ტექსტური შეტყობინებით – ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 6232.