საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის დავალებით, საატესტატო გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე თბილისისა და საქართველოს სხვა რაიონების 20 სკოლის დირექტორს პრემიის სახით თითოელს 2000 ლარი გადასცა.
ნიკა გილაურმა წარმატებული სკოლების დირექტორთა დაჯილდოების შესახებ განცხადება 1 ივლისს სახელმწიფო კანცელარიაში დირექტორებთან შეხვედრისას გააკეთა, პრემიერ მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა იმ შედეგებისთვის, რაც მათი სკოლების მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდებზე აჩვენეს.
CAT-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარებული უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები საქართველოს 1520 საჯარო და კერძო სკოლაში ჩატარდა და მასზე კურსდამთავრებულეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კარგი შედეგი აჩვენა.
რვადღიანი საგამოცდო პროცესი სამინისტროს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე, წარმატებულად და ხარვეზების გარეშე წარიმართა, მოსწავლეთა 30%-მა ცოდნის მაღალი დონე გამოავლინა და, შესაბამისად, მაღალი შეფასება დაიმსახურა. მათგან ხუთმა პროცენტმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა. გამოვლინდა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სკოლებიც.
გამოცდა 8 საგანში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (ერთი-ერთი), მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. საატესტატო გამოცდები 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 1 ივნისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები გამოცდებს მშობლიურ ენაზე აბარებდნენ.