ქვეყნის მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა მედლებით დაჯილდოების პროცესი გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და გურიის რეგიონის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გურიის რეგიონის 52 წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოზურგეთის №4 სკოლაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს.
ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის 22 ოქროსა და 30 ვერცხლისმედალოსანია. რეგიონის ყველა სკოლის მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი საატესტატო გამოცდებს, მათ შორის რამდენიმე შედეგების რეინტინგული სიის პირველ ასეულშია. გურიის რეგიონიდან აბიტურიენტთა 70%ა-მა უნარების შედეგების მიხედვით მაღალი შეფასება დაიმსახურა.
მესამე წელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი გაიცემა. მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.