საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენტის სახელით, წარმატებული საქმიანობისთვის ღირსების ორდენები სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი გულუას და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ანდრიაშვილს გადასცა.
დაჯილდოებულ თანამშრომლებს მინისტრმა მადლობა გადაუხადა წარმატებული საქმიანობისთვის და მიმდინარე რეფორმის პროცესში მათ ღვაწლზე ისაუბრა. გიორგი გულუას ხელმძღვანელობით, პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველად საქართველოში შექმნა მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა, სადაც ყველა მოსწავლეზე ინფორმაციაა განთავსებული. სისტემა ემსახურება პირველკლასელთა რეგისტრაციის, მოსწავლეთა მობილობის, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემის პროცესებს და იგი ხელმისაწვდომია ყველა საჯარო სკოლისათვის. ამ სამსახურმა უზრუნველყო აგრეთვე 2011 წლის უპრედცედენტო საატესატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფა.
,,CAT”-ის ტიპის საატესტატო გამოცდები მსფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებურად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში ჩატარდა. გამოცდების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გიორგი გულუას სამსახურმა ყველა საჯარო სკოლაში შექმნა ინფრასტრუქტურა და გამართული ინტერნეტმომსახურება, ყველა სკოლა აღიჭურვა კომპიუტერებით, კონკურსის წესით შეირჩა სპეციალისტები, რომლებიც გამოცდებს ტექნიკურად უზრუნველყოფდნენ. უახლესი სისტემებით აღჭურვილი სასერვერო საინფორმაციო-ტექნოლოგიური ცენტრიდან კონტროლდებოდა 1520 სკოლა და ნებისმიერ სკოლაში იყო შესაძლებელი გამოცდის მიმდინარეობის ვიდეო გამოსახულებით გაცნობა.
განათლების სისტემაში არსებული კორუფციის აღმოფხვრის, დარღვევებისა და სამსახურებრივი გადაცდომების გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებისათვის, სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენისა და შეფასების კუთხით გაწეული სამუშაობისათვის დაჯილდოვდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ანდრიაშვილი.
სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის მხრიდან უყურადღებოდ არ რჩება სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომისა, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის არცერთი ფაქტი, ხდება ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი დროული რეაგირება.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის საქმიანობა, მისი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.