90 ქართველი სტუდენტი სწავლას მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებს. კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამებში მონაწილე სტუდენტები სასწავლებლად უკვე გაემგზავრნენ. 90 სტუდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გააცილა. დიმიტრი შაშკინთან ერთად მათ წარმატება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც უსურვეს.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს მომავალი განვითარებისათვის ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვანია, სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ინიციატივას თავისი წვლილი შეიტანონ კვალიფიციური და პროფესიონალური კადრების აღზრდასა და მომზადებაში.
წელს, ორმაგი და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის 90 სტუდენტი იღებს მონაწილეობას. აქედან 25-ერთი ან ორი აკადემიური წლით ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ.), ჩესტერისა (დიდი ბრიტანეთი) და ზემო ავსტრიის უნივერსიტეტებში (ავსტრია) ორმაგი ხარისხის დიპლომის მოსაპოვებლად მიემგზავრება. 65 სტუდენტი კი აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ავსტრიისა და პორტუგალიის წამყვან სასწავლებლებში გაემგზავრა.