2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საშუალო საფეხურზე ახალი არჩევითი საგანი - ,,მსოფლიო კულტურა'' შემოდის. ამ თემას პედაგოგთა კონფერენცია მიეძღვანა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ცენტრის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა პილოტირებას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გადიოდა. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ როგორ საპილოტე სკოლების პედაგოგები, ასევე ის პედაგოგები, რომელთა სკოლებმა 2011-2012 სასწავლო წელს უკვე აირჩიეს საგანი ,,მსოფლიო კულტურა’’, მათ შორის თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, აფხაზეთის, სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებიდან.
კონფერენციის მსვლელობისას საპილოტე სკოლების პედაგოგებმა მოკლე სამოდელო გაკვეთილები წარმოადგინეს თემებზე: ”კულტურათა მრავალფეროვნება”, ”კულტურის უნივერსალიები”, ”ბუნება და კულტურა”, ”კულტურათა ტიპოლოგია”, ”კულტურათა დინამიკა” და სხვ.
პედაგოგთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ,სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ, ცენტრის ,,მსოფლიო კულტურის’’ ექსპერტებმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერკულტურული დიალოგის იუნესკოს კათედრისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორებმა.