საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსმა წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. დაჯილდოვებული პედაგოგები სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების იმ მოსწავლეთა დამრიგებლები არიან, რომელთაც 2011 წლის საატესტატო გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს.
საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსის თანათავჯდომარეებმა ტატო შავშიშვილმა და გია მურღულიამ მასწავლებლებს ქართული მეთოდური გამოცემები და ინგლისურენოვანი ლიტერატურა აჩუქეს, ასევე პედაგოგებს 500 ლარის ოდენობის ფულადი პრემიები გადასცეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო მიესალმება საგანმანათლებლო ალიანსის ინიციატივას წაახალისოს ღირსეული პედაგოგები, რომელთაც ყველა პირობა შეუქმნეს მოსწავლეებს სათანადოდ მომზადებულიყვენენ საატესტატო გამოცდებისათვის.
ტატო შავშიშვილმა საატესტატო გამოცდების დანერგვა ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში გატარებულ რეფორმათა შორის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო ალიანსი მომავალშიც გააგრძელებს განათლების რეფორმის პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების დაჯილდოვებას.