განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების გაცნობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამჯერად, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა რექტორებს და სასწავლებელთა სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა სამუშაო რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა მონაწილეებს თავდაპირველად ყველა ის საიხლე გააცნო, რაზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ ეტაპზე მუშაობს და მომავალში გეგმავს. დიმიტრი შაშკინი ასევე დაინტერესდა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა საქმიანობით, არსებული პრობლემებითა და განვითარების სამომავლო გეგმებით.
მინისტრმა უმაღლეს სასაწვლო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს თავისი მოსაზრებები გააცნო უმაღლესი განათლების სფეროში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კერძოდ: ხარისხის უზრუნველყოფის სისტემური (ლიცენზირება, აკრედიტაცია) პრობლემების მოგვარება, უნივერსიტეტების დოტაციური განვითარების სქემის ცვლილება, პროგრამული დაფინანსების კომპონენტის გაძლიერება, სპორტული საქმიანობის კურსის შემოღება და სხვა.
დიმიტრი შაშკინმა ამ მიმართულებით შეხვედრის თითოეული მონაწილის ხედვა მოისმინა და როგორც განაცხადა, გეგმების შემუშავების პროცესში მათი პოზიცია სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება. მინისტრის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები რექტორებთან მომავალშიც სისტემატურად გაიმართება.