საქართველოს მასშტაბით ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ყველა პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი მიმდინარეობს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გადამზადების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი გაეცნენ.
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელსა და მოსწავლეს კომპანიების ”ალგორითმისა” და ”ინტელის” მიერ საქართველოში წარმოებული ნეთბუქი ”ბუკი” გადაეცემა. სასწავლო პროცესში ნეთბუქების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგი სახელწოდებით ”1:1 ელექტრონული სწავლება” დაიწყო.
ბუკების ტრენინგი მიზნად ისახავს პირველი კლასის დამრიგებელთა ხელშეწყობას. პროექტის ”1:1 ელექტრონული სწავლება” ფარგლებში, მასწავლებლები ნეთბუქების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას ეცნობიან. სწავლობენ ტექსტურ რედაქტორში და ელექტრონულ ფოსტაში მუშაობას, ინტერნეტში საგანმანათლებლო რესურსის ძიებას, საპრეზენტაციო პროგრამას, კლასის მართვის კომპიუტერული პროგრამის Mythware e-Learning Class 6.0V ადმინისტრირებას.
ტრენინგებზე დაწყებითი კლასების პედაგოგები ასევე სწავლობენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადებას, ეცნობიან 1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილის და სასწავლო პროექტის განხორციელებასა და შეფასებას. კურსი 35 საკონტაქტო საათისაგან შედგება.
ტრენინგები ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე პირველი კლასის ყველა დამრიგებელი გადამზადდება.