30 აგვისტომდე ყველა დიდ ქალაქში სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობები გაიმართება და წიგნის მაღაზიები მოეწყობა. შესაბამის მემორანდუმს რამდენიმე დისტრიბუტორ ორგანიზაციასთან ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერეთელაძემ მოაწერა.
მემორანდუმი სოციალური ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდა. დისტრიბუტორებმა სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზრობებისა და წიგნის მაღაზიების მოწყობა 2011 წლის 30 აგვისტომდე თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავსა და გორში უნდა უზრუნველყონ. გრიფირებული სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარზე მეტი არ იქნება.
საინფორმაციო პლაკატები, თუ სად გაიყიდება სასკოლო წიგნები 1 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში განთავსდება. ბაზრობებისა და მაღაზიების მისამართები ასევე დაიდება სამინისტროს ოფიციალურ საიტზე www.mes.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - www. Facebook.com/mes.gov.ge
დისტრიბუტორების მიერ მოწყობილ მაღაზიებსა და ბაზრობებზე სასკოლო სახელმძღვანელოები მხოლოდ ფიქსირებული ფასებით გაიყიდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა მშობელს მოუწოდებს, სახელმძღვანელოები მხოლოდ ასეთ ობიექტებზე შეიძინონ.