პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს ქ. ქუთაისში ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ. ტრენინგი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სწავლისა და განვითარების თანამედროვე მეთოდები, კულტურული მრავალფეროვნება და თანაცხოვრება და ბილინგვური სწავლება. ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე გაეცნო.
სექტემბერში პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და კახეთში გაემგზავრებიან, არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეებს ქართულ ენას შეასწავლიან და დამატებით სხვა სასკოლო საგნების შესწავლაშიც დაეხმარებიან. მასწავლებლები რეგიონში ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან და ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისათვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორის არის პროექტი ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენის შესწავლაში ეხმარება.
პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით, პირველ ეტაპზე, 186 კანდიდატი შეირჩა, პროგრამაში ჩართვა შეეძლო საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პროგრამის მონაწილე ბაკალავრებს, ერთი აკადემიური წლის მუშაობის სტაჟის საფუძველზე, მაგისტრატურას სრულად დაუფინანსებს. აგრეთვე მონაწილეებს, რომლებსაც მასწავლებლის სასერთიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის მიღება და პედაგოგიური პრაქტიკის გაგრძელება სურთ, პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ერთწლიან სამუშაო სტაჟში უთვლის.