ახალი სასწავლო წლისათვის თბილისის ასათ საჯარო სკოლას განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სარემონტო სამუშაოებს ერთდროულად ასათივე საჯარო სკოლაში ახორციელებს. სკოლების რეაბილიტაციის პროცესს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე 112-ე საჯარო სკოლიდან გაეცნო. ამ სკოლაში ფასადი, დერეფანი და სველი წერტილები რემონტდება.
საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში
უპირატესობა შენობათა სველი წერტილების, შესასვლელებისა და დერეფნების მოწესრიგება-მოწყობას
ენიჭება. ამასთანავე, რამდენიმე საჯარო სკოლაში განხორციელებულია გათბობის
სისტემების მოწესრიგების, ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობის,
სპორტული დარბაზების რეაბილიტაციის, ელექტრომომარაგების აღდგენის, საქვაბე
მეურნეობის გაზმომარაგების სამუშაოები.
სარემონტო სამუშაოებს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია
გამოყოფილი.
პარალელურად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა რეგიონის 143 საჯარო სკოლის, 2 პროფესიული სასწავლებლის და 3 სპეცსკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამავე დროს, მიმდინარეობს 10 საჯარო სკოლის მშენებლობა.