27.08.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მე-200 ინკლუზიურ სკოლა-პანსიონში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი გახსნა და სკოლის იმ აღსაზრდელებს შეხვდა, რომლებიც პანსიონური მომსახურებით სარგებლობენ და არდადეგებსაც სკოლაში ატარებენ. ბავშვები ახლახან დაბრუნდნენ ფასანაურიდან, სადაც მათი დასვენება სკოლის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო.
ღია სპორტული მოედნის მოწყობა №200 სკოლის მოსწავლეებისთვის დიდი ხნის ოცნება იყო. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. მათ განსაკუთრებული სასწავლო, დასასვენებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი გარემო სჭირდებათ. ახალი, ადაპტირებული მოედანი ამ მოზარდების ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოემსახურება.
ბოლო ორი წლის განმავლობაში №200 სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა როგორც სასწავლო პროგრამების, ისე ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებზე და მის აღსაზრდელებზე ზრუნვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია.
სკოლაში ბავშვებისთვის, რომელთაც სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები აქვთ, მოეწყო სწავლის, მკურნალობისა და საზოგადოებაში ადაპტირებისთვის შესაბამისი გარემო. ფუნქციონირებს სენსორული განვითარების ახალი კაბინეტი, რომელიც სხავადასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. რამდენიმე თვის წინ მინისტრმა სკოლას თანამედროვე მოდელის სასკოლო ავტობუსი გადასცა, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მოთხოვნებზეა მორგებული. სკოლაში გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა თანამედროევე გათბობის სისტემა, გაკეთდა თანამედროვე კვების ბლოკი.