პროექტის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში საქართველოში მოხალისე პედაგოგების ჩამოსვლა გრძელდება.
დღეს, თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უცხოელი პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. ამერიკელი, კანადელი, პოლონელი, ინგლისელი, ნორვეგიელი, ინდოელი, ირლანდიელი, ფილიპინელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი მოხალისეები გურიის, სამეგრელოს, კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, აჭარისა და თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
პროექტის ფარგლებში ჩამოსული მოხალისე მასწავლებლები სპეციალურად ამ პროგრამისთვის არიან შერჩეულნი, მათ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და დიდი სურვილი ჩაერთონ ქართულ ანალოგიურ პროექტში.
პროექტი ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ უკვე ერთი წელია რაც წარმატებით ხორციელდება. ინგლისურენოვანი მოხალისე პედაგოგები ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად ასწავლიან.
წარმატებული პროექტი, რომელმაც მსოფლიოში დიდი დაინტერესება და გამოხმაურება გამოიწვია, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ გაგრძელდება.