საქართველოში ისრაელის საელჩოს ინიციატივით, 5 ქართველი პედაგოგი ინკლუზიური განათლების საკითხებზე მაშავის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იცხაკ გერბერგმა ბრიფინგი გამართეს.
სამკვირიანი სასწავლო პროგრამა ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინტეგრაცია საგანმანათლებლო გარემოში” ქალაქ თელავივში გაიმართება. პროგრამაში მონაწილე კანდიდატები კონკურსის გზით შეირჩნენ. ისრაელში თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში ჩართული პედაგოგები გაემგზავრებიან.
პროგრამის ფარგლებში, ქართველი პედაგოგები ისრაელის საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე ინკლუზიური განათლების პროცესებს, მიღწევებს და გამოწვევებს გაეცნობიან. კოკა სეფერთელაძის განცხადებით, პროგრამა ხელს შეუწყობს თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებას სხვა ქვეყნებთან, რაც ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების კურსის სწორი განსაზღვრისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.
თელავივის სასწავლო პროგრამის ფორმატი გულისხმობს პრაქტიკულ აქტივობებს, ლექციებს, პრეზენტაციებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მონახულებას და ა.შ.
საქართველოში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი (მაშავი) ისრაელში წამყვან სასწავლო დაწესებულებებში ორგანიზებულ კურსებზე მონაწილეობით, ხელს უწყობს ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ზრდას. ითვალისწინებს რა, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმას, 2011 წელს საქართველოში მაშავის ცენტრის პროგრამებს შორის განათლება და საზოგადოებრივი განვითარება პრიორიტეტულია.